Sunday, December 10, 2023

 


  არაფორმალური განათლება - მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას.

  არაფორმალური განათლება - ტერმინი, რომელიც გამოიყენება ფორმალური, ეროვნული სასწავლო გეგმის მიღმა არსებული განათლებისათვის, რომლის ამოცანაც უმეტესად ბავშვებისა და მოზარდების, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ზრდასრული ადამიანების სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაზე ზრუნვა, მათთვის სხვადასხვა საჭირო უნარისა და კომპეტენციის მიწოდება, ბუნებრივ გარემოში ინდივიდის პოტენციალის გახსნა და თვალსაწიერის გაფართოებაა.

  არაფორმალური განათლება იძლევა არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ისეთ უნარებს, რაც ცხოვრების გზაზე მრავალმხრივ მნიშვნელოვანია (მაგალითად კომუნიკაციის, გუნდურობის, შემოქმედებითად აზროვნების უნარები და სხვა). აღნიშნული უნარები ხელს უწყობს ადამიანის საზოგადოებაში წარმატებით ინტეგრირებას და მის რეალიზაციას. არასრულწლოვანთა არაფორმალური განათლება აფასებს არასავალდებულო სასწავლო კურიკულუმის ცოდნას და შინაგან მოტივაციაზე დაფუძნებით ბავშვებსა და მოზარდებში ცხოვრებისეულ ღირებულებებსა და უნარებს ავითარებს.

 საკომუნიკაციო უნარები, შიდა მოტივატორების აღმოჩენა და მოტივაციის გაუმჯობესება, სხარტი აზროვნება, თვითორგანიზება, გუნდური მუშაობა და ბევრი სხვა მსგავსი უნარი წარმოადგენს დამხმარე საშუალებებს ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში მოზარდის უკეთ ინტეგრაციისათვის. გარდა ამისა, არაფორმალური განათლების ამოცანაა ინდივიდისათვის ისეთი ცოდნის მიწოდება, რისი მიწოდებაც ფორმალურ საგანმანათლებლო სისტემაში ვერ ხერხდება, ან ვერ ხორციელდება იმ მოცულობით, რაც ინდივიდს წაადგებოდა.

  მიუხედავად იმისა, რომ არაფორმალური განათლება ხშირად განიხილება ფორმალური განათლების მეორე საუკეთესო ვარიანტად, უნდა აღინიშნოს, რომ მას შეუძლია უზრუნველყოს უფრო მაღალი ხარისხის განათლება, ვიდრე ხელმისაწვდომია ოფიციალურ საკლასო ვითარებაში. 

  სწორედ არაფორმალური განათლების ხელშეწყობას ემსახურება სასკოლო კლუბები, რომელთა შესახებაც შეიტყობთ ამ ბლოგში





No comments:

Post a Comment